Wednesday, June 25, 2014
იზა როგუცკასა და გიორგი მაღრაძის სკულპტურები კლასიკური სკულპტურისა და ორგანული ნარჩენების სამყაროებს აერთიანებს. ისინი ასოციაციურად მიუთითებს კლასიკურ ხელოვნებაზე, რომელიც ორივე ხელოვანის განათლების მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენდა, თუმცა, მათ შემოქმედებაში მუდმივად არ გამოიყენება.
 
პროექტზე მუშაობისას ხელოვანებს სურდათ, იმ ორ რამეს დაყრდნობოდნენ, რამაც ელიავას ბაზრობაზე მათზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა: მასალის შეუზღუდავი რაოდენობა და ამ მასალის მფლობელი ადამიანი, რომელიც უშუალო გავლენას ახდენს არსებულ სიტუაციაზე. მანქანისა და სამშენებლო ნაწილების, ინტერიერის დეტალებისა და საჭმლის გორების გვერდით ადამიანები ვაჭრობის საშუალებით ცდილობენ თავი ირჩინონ. შედეგად ხელოვანების წინაშე დაისვა კითხვა: როგორ დავამუშავოთ და გამოვავლინოთ ის სიჭარბე, რომელიც ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილად იქცა?
 
მატერიალურისა და ადამიანის ურთიერთკავშირმა მათ ის კლასიკური სკულპტურა გაახსენა, რომელმაც საყოველთაოდ აღიარებული ფორმით, პროპორციებითა და აღნაგობით სილამაზის მნიშვნელობა შეცვალა და სადაც სრულყოფილად გლუვი ზედაპირის მიღმა მარმარილოს სტრუქტურამ ცოცხალი ორგანიზმისა და მისი ჩონჩხის – ყველაფრის საყრდენის, ანატომია დამალა. შესაძლებელია თუ არა ამ ზედაპირს იდეალიზებული სილამაზე ჩამოვაშოროთ და ადამიანებს მისი სკულპტურის უხილავი ნაწილი მაგალითად გული ან ღვიძლი დავანახოთ?
 
პოლონურ-ქართული ხელოვანების წყვილი, რომელიც სილამაზის ცნებას აბსტრაქტული სკულპტურით პასუხობდა, შთაგონებას ელიავას ბაზრობაზე მომუშავე ხალხისგან იღებდა და ნამუშევარს მათი დახმარებით ქმნიდა. სამი კვირის განმავლობაში მათ აითვისეს ერთმანეთის ენა და სულ უფრო და უფრო ჩაერთნენ ელიავას ბაზრობის რიტმში. უტყვი სკულპტურები და მიზიდულობის ძალას შერწყმული მათი ფორმები იმაზე მეტს გამოხატავენ, ვიდრე გადამუშავების შემდეგ დარჩენილი ნარჩენები. სივრცის აღქმა და სიცოცხლის კვალი, რომლებიც ამ სკულპტურებშია აღბეჭდილი მათ მეტაფორულ მნიშვნელობას ანიჭებს, მიიზიდავს მნახველს და აძლევს მას საშუალებას ისინი უფრო ახლოდან დაათვალიერონ და ხელიც კი შეახონ. ბოლოს და ბოლოს ისინი ხომ ხელოვანებისა და ელიავას ბაზრობის მუშების ფიზიკური შრომის შედეგია.