Thursday, June 1, 2017

Pop-Up Chess Palace
არქიტექტურაზე, იდეოლოგიასა და ჭადრაკზე

22-25 ივნისი, 2017

ღიაა ყოველდღე 12 საათიდან
ZK/U - ხელოვნების და ურბანისტიკის ცენტრი, ბერლინი

„ჭადრაკის სასახლე“ შეიძლება უცნაურად ჟღერდეს დასავლეთ ევროპის კონტექსტში. თუმცა, საბჭოთა კავშირში, სადაც ჭადრაკს თამაშობდნენ პიონერთა სასახლეებში, კულტურის სახლებსა და მშრომელთა კლუბებში, არავის უკვირდა ამ სიტყვების გაგონება. ოქტომბრის რევოლუციიდან რამდენიმე წელიწადში, ახალბედა საბჭოთა კავშირმა შეძლო „ბურჟუაზიის უსარგებლო თამაში“, მშრომელთა მიერ დროის აზრიანად გაყვანის საშუალებად ექცია. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, როდესაც საბჭოთა მოჭადრაკეებმა საერთაშორისო წარმატებების მიღწევა დაიწყეს, საგრძნობლად გაიზარდა სახელმწიფო დახმარებაც. საბჭოთა კავშირის საჭადრაკო უპირატესობა გადაიქცა ამ სისტემის იდეოლოგიურ არგუმენტად. 1970-იან წლებში, უკვე არსებული საჭადრაკო კლუბების პარალელურად, ჭადრაკისათვის შეიქმნა სპეციალური სასახლეები, თუმცა, არა ცენტრში, არამედ - ისეთ საბჭოთა პერიფერულ რესპუბლიკებში, როგორებიც იყო საქართველო, სომხეთი და ბელარუსი. ეს შენობები გამოირჩევა განსაკუთრებული არქიტექტურით, დახვეწილი დიზაინითა და ურბანულ გარემოში გააზრებული განთავსებით.

გამოფენა Pop-Up Chess Palace იკვლევს სოციალურ და არქიტექტურულ უტოპიას. საარქივო მასალა გვიჩვენებს, თუ როგორი გავლენა იქონია ეგალიტარული იდეისა და მოდერნისტული არქიტექტურის პოტენციალის რწმენამ ჭადრაკის სასახლეების გარეგნულ სახესა და ინტერიერის დიზაინზე. თანამედროვე ხელოვანთა ნამუშევრები კი ასახავენ ჭადრაკის სხვადასხვა ასპექტებს და მიანიშნებენ იდეოლოგიურ ჩარევებზე წარსულსა და აწმყოში.

ნინო სეხნიაშვილი ეხება იღბალის და ბედის გადაკვეთის საკითხს. ნაილი ვახანიას ნამუშევრის თემაა სახელმწიფო იდეოლოგია და მისი გამოვლენა ქალაქში. ალექსანდერ კომაროვი წარმოგვიდგენს ყველაზე ხანგრძლივი საჭადრაკო ჩემპიონატის, 1984 წელს ანატოლი კარპოვსა და გარი კასპაროვს შორის გამართული თამაშის განხილვას მასმედიაში. მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა მედიის გამოხმაურება საგრძნობლად განსხვავდებოდა დასავლურისგან, მოთამაშეთა ფიზიკური და გონებრივი მდგომარეობა ორივეს ინტერესის სფეროს წარმოადგენდა. მაგდალენა პიეტას კინემატოგრაფიული პორტრეტი გვიჩვენებს 1998 წელს დაარსებული საჭადრაკო ქალაქის, ყალმუხეთის რესპუბლიკის დედაქალაქის, ელისტას ამჟამინდელ ცხოვრებას. თათია სხირტლაძე იკვლევს 1962-1991 წლებში მსოფლიო ჭადრაკის ლიდერი, მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მფლობელი ოთხი ქართველი მოჭადრაკე ქალის ემანსიპატორულ როლს. ლაშა ყაბანაშვილის ვიდეო ნამუშევარში ვხედავთ თბილისის ჭადრაკის სასახლისა და ალპური კლუბის დიდებულ წარსულსა და შემდგომი პერიოდის პრობლემებს. ათუ გელოვანი და ლადო ლომიტაშვილი ფოტო ნამუშევრებით ყურადღებას ამახვილებენ შენობის ღირშესანიშნაობაზე. მათი მზერა დეტალებზეა ორიენტირებული და გვიჩვენებს როგორც შენობის მოკრძალებულ სილამაზეს, ასევე, დღეს, მისი გამოყენების სირთულეებს.

გამოფენა Pop-Up Chess Palace, რომელიც ხორციელდება საქართველო-გერმანიის მეგობრობის წლის ფარგლებში თემით „მომავლის მემკვიდრეობა“, ყურადღებას ამახვილებს თბილისის ჭადრაკის სასახლესა და ალპურ კლუბზე, როგორც ამ სასახლეთა შორის ერთ-ერთ ყველაზე განსაკუთრებულ შენობაზე. ასევე, აქ წარმოდგენილია მისი დღევანდელი გამოყენების გამოწვევები. შესაბამისად, გამოფენის კურატორები დაინტერესებულნი არიან განიხილონ საკითხები, რომლებიც ეხება ზოგადად, მოდერნისტულ-სოციალისტური არქიტექტურის განსაკუთრებულ ნიმუშებს და ამ შენობების იდეებისა და შინაარსის დღევანდელობაში განცდას.

გამოფენას თან ახლავს კულინარული და ფილმების პროგრამა
და რა თქმა უნდა, დროებით ჭადრაკის სასახლეში ჭადრაკიც უნდა ვითამაშოთ!

პროგრამა:

ხუთშაბათი, 22 ივნისი, 19:00
გამოფენის გახსნა და ZK/U-ს ღია კარის დღე

პარასკევი, 23 ივნისი, 19:00
ფილმი და ქართული სამზარეულო

ღია კინოში:
„შესვენება“, ბაადურ წულაძე, სსრკ 1978, 20 წთ., რუსულად გერმანული ტიტრებით
„სახიფათო მოძრაობები“, რიჩარდ დემბო, შვეიცარია/საფრანგეთი 1984, 110 წთ., გერმანულად

შაბათი, 24 ივნისი, 13:00
ღია ტურნირი ჭადრაკში. რეგისტრაცია 13:00-13:30, დასასრული 19:30
(მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია, წინასწარი რეგისტრაცია შესაძლებელია: popupchesspalace@gmail.com)

კვირა, 25 ივნისი, 13:00-17:00
საჭადრაკო ნაშუადღევი ბავშვებისათვის

კურატორები: ნინი ფალავანდიშვილი (გეოეარი) და ლენა პრენცი

მონაწილე ხელოვანები: ათუ გელოვანი, ნაილი ვახანია, ალექსანდერ კომაროვი, ლადო ლომიტაშვილი, მაგდალენა პიეტა, ნინო სეხნიაშვილი, თათია სხირტლაძე და ლაშა ყაბანაშვილი

საჭადრაკო პროგრამის კოორდინატორი: ული ჰუმერი, პაოლო ბოტარელი

 

გამოფენა ფინანსდება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ

პროექტის პარტნიორი: ZK/U Berlin

ლენა პრენცის კვლევითი მოგზაურობა საქართველოსა და სომხეთში დაფინანსდა გოეთეს ინსტიტუტის მიერ

ლადო ლომიტაშვილის მოგზაურობის ფინანსური მხარდამჭერია ECF Step Travel პროგრამა (ევროპის კულტურის ფონდი)

საჭადრაკო ტურნირი ორგანიზებულია საჭადრაკო კლუბთან Rotation e.V. Berlin-Mitte თანამშრომლობით

დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, მიმართოთ: popupchesspalace@gmail.com

განსაკუთრებული მადლობა: Journeyman Pictures, ანე ფენკს, ალექსანდერ იურგეცს, ჯესი ქუინს და დათა ჭიღოლაშვილს

ფოტოები დავით მესხის და თათია სხირტლაძის მიერ