Tuesday, January 27, 2015

Abandoned (re)creation (2011) არის ანდრეა კალინოვას (ხელოვანი) და მარტინ ზაიჩეკის (არქიტექტორი) თანამშრომლობითი ინიციატივა.

მათი სამუშაო დაკავშირებულია მე-20 საუკუნის არქიტექტურასთან, კერძოდ მიტოვებული და საფრთხეში მყოფი სივრცეების სახელოვნებო ინტერვენციებითა და პროტესტის ალტერნატიული ფორმებით შესაძლო დაცვასთან. ისინი ცდილობენ გაარკვიონ, შესაძლებელია თუ არა ხელოვნებისა და სახელოვნებო აქტივიზმის გზით ამ საკითხში რაიმე ცვლილების შეტანა.

Abandoned (re)creation მიზნად ისახავს „მიტოვებული“ არქიტექტურისადმი გაამახვილოს ადგილობრივი მოსახლეობისა და ფართო საზოგადოების ყურადღება, რასაც სახელოვნებო ინტერვენციებითა და ქალაქებში განთავსებული პროექტებით ახორციელებენ. თანამედროვე ხელოვნების გამოხატვის ფორმებით, ეს პროექტი ცდილობს აჩვენოს მოდერნიზმის არქიტექტურის საგანგაშო მდგომარეობა. ისინი ცდილობენ ხელი შეუწყონ მათ დაცვასა და შენარჩუნებას მომავალი თაობისათვის და ასევე, დააკავშირონ ხელოვნება და აქტივიზმი.   

პროექტი დაიწყო ტრენჩიანსკე ტეპლიჩეში (სლოვაკეთი), საკურორტო ქალაქში, სადაც მრავლად არის  მოდერნიზმის მიტოვებული შენობები, რომლებიც ჩეხი არქიტექტორების, ბოჰუსლავ ფუქსისა და იარომირ კრეჩარის მიერ იყო შექმნილი. Abandoned (re)creation სხვა საკურორტო ქალაქების თემაზეც განაგრძობს მუშაობასა და კვლევას, რათა წარმოაჩინოს მოდერნიზმის არქიტექტურის მდგომარეობა და ღორებულება. 

ანდრეა და მარტინი გეოეარის რეზიდენციაში იმყოფებოდნენ 2015 წლის იანვარსა და თებერვალში. მათ ჩაატარეს კვლევა, უმასპინძლეს რამდენიმე პრეზენტაციას და მზიურის პარკში, მიტოვებულ საბავშვო კინოთეატრში იმუშავეს პროექტზე: ლოკოკინო - მზიურის მეხსიერების ძეგლი.

პროექტი განხორციელდა K.A.I.R. - Košice Artist in Residence-თან თანამშრომლობითა და მხარდაჭერით. ასევე, პროექტის მხარდამჭერი იყო ECF STEP Beyond.

K.A.I.R.-ის შესახებ:

ევროპის კულტურის დედაქალაქის ფარგლებში, არასამთავრობო ორგანიზაცია Košice 2013 ახორციელებს სახელოვნებო რეზიდენციის პროგრამას, სადაც მოწვეულნი არიან ხელოვანები მთელი მსოფლიოდან. ჩვენ საშუალებას ვაძლევთ ჩვენს რეზიდენტებს, იმუშაონ კოშიცეში და განახორციელონ ადგილობრივი პროექტები, ითანამშრომლონ ადგილობრივ ხელოვანებთან და წარადგინონ მათი ნამუშევრები ადგილობრივი და ეროვნული პუბლიკისათვის. 

რეზიდენციის სამი ძირითადი მიზანი:

- ხელი შეუწყოს მოწვეული ხელოვანების შემოქმედებით პრაქტიკას და მისცეს მათ შესაძლებლობა იმუშაონ ახალ გარემოში
- ხელი შეუწყოს კოშიცეს ადგილობრივი სახელოვნებო სივრცის წარმოჩენას რეგიონსა და ქვეყანაში, დააკავშიროს რეზიდენტები ადგილობრივ ხელოვანებთან და ფართო საზოგადოებასთან.
- შექმნას გარემო, სადაც განვითარდება თანამედროვე ხელოვნების ინოვაციური საერთაშორისო პროექტები, სადაც ჩართულნი იქნებიან საერთაშორისო და ადგილობრივი მონაწილეები.