Wednesday, February 22, 2017

პლატფორმამ ART PROSPECT გამოაცხადა რეზიდენციების პროგრამა ხელოვანებისთვის, კურატორებისა და მკვლევარებისთვის აზერბაიჯანში, ბელარუსში, მოლდოვაში, საქართველოში, სომხეთში, ტაჯიკეთში, უკრაინაში, უზბეკეთში, ყაზახეთსა და ყირგიზეთში. 

კონკურსის შედეგად, გეოეარის რეზიდენციაში მოვიწვიეთ ვიქტორია მირონიუკი და ტიგრან ამირიანი. ისინი იმუშავებენ ჩვენი პროექტის, „თბილისის ალტერნატიული გზამკვლევის“ ფარგლებში.

--

პლატფორმა ART PROSPECT აერთიანებს სახელოვნებო ორგანიზაციებს, ხელოვანებსა და კურატორებს ათი ქვეყნიდან, რათა მათ განიხილონ საჯარო სივრცის, ეროვნულობისა და კულტურის საკითხები და წარმოაჩინონ, თუ როგორ შეიძლება სახელოვნებო და სოციალურმა პრაქტიკებმა ბიძგი მისცენ თემურ ჩართულობასა და ცვლილებას. ეს ერთწლიანი, საცდელი პროექტი მიზნად ისახავს ხელოვანების, კურატორების, მკვლევარების, ურბანისტების და კულტურის სფეროს მენეჯერების რეგიონული ქსელის შექმნას იმისათვის, რომ მათ ერთმანეთს გაუზიარონ ხელოვნებასა და სოციალურ ცვლილებასთან დაკავშირებული ინფორმაცია, რესურსები და პრაქტიკები. ქსელის შექმნის, საერთაშორისო სახელოვნებო ფესტივალის, რეზიდენციების, ვორკშოფებისა და სემინარების საშუალებით, პლატფორმა ART PROSPECT ხელს უწყობს საერთაშორისო სახელოვნებო გაცვლასა და თანამშრომლობას.  

ART PROSPECT პლატფორმის ოფიციალური წარდგენა მოხდა თბილისში გამართულ ქსელის შეხვედრაზე (12-14 თებერვალი), რომელშიც მონაწილეობდნენ ხელოვნების სფეროს სპეციალისტები შემდეგი ქვეყნებიდან: აზერბაიჯანი, ბელარუსი, მოლდოვა, საქართველო, სომხეთი, ტაჯიკეთი, უზბეკეთი, უკრაინა, ყაზახეთი, ყირგიზეთი და პროექტის ორგანიზატორი CEC ArtsLink. სამდღიანი შეხვედრის ფარგლებში, მონაწილეებმა ერთმანეთს გაუზიარეს საკუთარი გამოცდილება, განიხილეს პროექტის მიზნები და სტრატეგიები და 2017 წლისთვის დაგეგმეს თანამშრომლობითი ღონისძიებები. ასევე, თანამედროვე ხელოვნების ადგილობრივი პროცესების გაცნობის მიზნით, მონაწილეებმა მოინახულეს აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმი და ფაბრიკა, შეხვდნენ ადგილობრივ ხელოვანებს და გაიმართა პანელ-დისკუსია, თემით „ქალაქები და სახელოვნებო ჩართულობა“, სადაც წარმოდგენილი იყო პროექტები: “Tbilisi Insights” - კატარინა შტადლერის მიერ, „ბათუმის ეზოს ამბები“ - ლევან ხუჯაძის მიერ და „იარე ფეხით“ - ელენე მარგველაშვილის მიერ.
 

2017 წელს, 10 ქვეყანაში დაგეგმილი სახელოვნებო რეზიდენციების პროგრამის საშუალებით, პლატფორმა ART PROSPECT ხელს შეუწყობს 30-ზე მეტი ხელოვანის გაცვლას, რის შემდეგაც გაიმართება საერთაშორისო საჯარო ხელოვნების ფესტივალი.

ქსელის წევრები: CEC ArtsLink, GeoAIR, Bukhara Photo Gallery, Oberliht Young Artists Association, Atelier PİLLƏ, ArtEast, Independent Curator Eva Khachatryan, Eurasian Cultural Alliance, Ў Gallery of Contemporary Art, Dushanbe ArtGround, Open Place, Foundation Centre for Contemporary Art

დამატებითი ინფორმაციისათვის, იხილეთ ART PROSPECT-ის ვებგვერდი.

თბილისში გამართული შეხვედრის სამუშაო სივრცით უზრუნველყოფისათვის, მადლობას ვუხდით ფონდს „ღია საზოგადოება - საქართველო“.