Thursday, May 2, 2013
მარაიკე ვენცელი არის მსახიობი და პერფორმანსის ხელოვანი ბერლინიდან. ბირმინგემის სამსახიობო სკოლაში მან დაამთავრა სამსახიობო ფაკულტეტი. ბოლო 6 წლის განმავლობაში ის მოღვაწეობს პერფორმანსულ ჯგუფში - SIGNA, რომელიც მიწვეული იყო სხვადასხვა ფესტივალებზე, როგორებიცაა: Berliner Theatertreffen, Schauspiel Köln, Salzburger Festspiele, Volksbühne Berlin და სხვა. 2012 წლიდან ის, ასევე, თანამშრომლობს ქალთა უფლებების დამცველ ორგანიზაციასთან - TERRE DES FEMMES, რომლის ფარგლებშიც მან გერმანიის მასშტაბით განახორციელა პერფორმანსი ქალთა ტრეფიკინგის წინააღმდეგ.
 
2011 წელს მან შექმნა ინტერდისციპლინარული პერფორმანსული პროექტი „სალონი თბილისი-ბერლინი“, რომელიც იყო ქალ მწერალთა გაცვლითი პროექტი საქართველოსა და გერმანიას შორის. სალონი თბილისი-ბერლინი ხორციელდებოდა წელიწადში ორჯერ, თბილისსა და ბერლინში. პროექტის ფორმატი იყო ტრადიციული ქართული სუფრა თამადით. პროექტის ფარგლებში 5-7 ქალი ბერლინიდან და თბილისიდან ითავსებდნენ თამადის როლს და წერდნენ ტექსტებს ქართული სადღეგრძელოების თემაზე. ქართული ტექსტები გერმანულ, ხოლო გერმანული ტექსტები ქართულ ენაზე ითარგმნებოდა და პროექტის ფარგლებში გამართულ სუფრაზე ხდებოდა მათი წარდგენა. ამ პერფორმანსების დროს მწერალთა მიერ მზადდებოდა ქართული და გერმანული საკვები. დამსწრე საზოგადოებას შეეძლო მიერთვა მათთან ერთად და ამავდროულად, მოესმინა ტექსტებისთვის და აქტიურად ჩაერთულიყო პროექტში. ყოველი პერფორმანსის განმავლობაში, დამსწრეთა ისტორიებიც გროვდებოდა, რაც საბოლოო პერფორმანსის ნაწილი გახდა.
საბოლოო პერფორმანსი ჩატარდა 2014 წლის ზაფხულში. ყოველი მონაწილე მწერალი შეიკრიბა, გადახედეს ერთმანეთის ნამუშევრებს, შეარჩიეს ტექსტები და შექმნეს ინტერაქციული პერფორმანსი, რომელიც ჩატარდა ორივე ქალაქში. ასევე, დაგეგმილი იყო პროექტის ამსახველი პუბლიკაციის გაკეთება, რომელშიც გამოყენებული იქნა ფოტოგრაფ იან ვილკენის ფოტო მასალა.