Sunday, October 26, 2014
კარლი შმიტი (აშშ) არის ხელოვანი და სახელოვნებო ინიციატივის Artist @ Large დამაარსებელი და პრეზიდენტი, რომლიც ფარგლებშიც ის ახორციელებს ფართომასშტაბიან საჯარო ხელოვნების პროექტებსა და თემური ჩართულობის სახელოვნებო ინიციატივებს. ბაკალავრის ხარისხი მას მიღებული აქვს მაკალისტერ კოლეჯიდან და სახვითი ხელოვნების მაგისტრის ხარისხი - ბაუჰაუსის უნივერსიტეტიდან (ვაიმარი, გერმანია). კარლი გახლავთ “Alexander von Humboldt German Chancellor Fellowship”-ის მფლობელი და საკუთარი ნამუშევრები წარდგენილი აქვს გერმანულ სახლში (ნიუ-იორკი), Temporäre Kunsthalle (ბერლინი) და სხვადასხვა უნივერსიტეტებში აშშ-სა და ევროპის მასშტაბით. ის ყველაზე მეტად ცნობილია იმ ნამუშევრებით, სადაც სხვადასხვა სახელოვნებო მიდგომით შლის პირობით საზღვრებს ხელოვნებასა და ყოველდღიურობას შორის. თავისი საჯარო ნამუშევრებით ის ქმნის მოულოდნელ გარემოებებსა და უჩვეულო კონტექსტებს, რათა დააკავშიროს ცარიელი ადგილები, შექმნას ხიდები და შეკრიბოს ადამიანები. კარლის ნამუშევრების ნახვა შესაძლებელია ევროპის სხვადასხვა ქვეყნებსა და აშშ-ში.
 
გეოეარის რეზიდენციაში მისი ყოფნის დროს, კარლიმ იმუშავა პროექტ “კულინარიული წარმოდგენები: თბილისელი მიგრანტების ისტორიების” ფარგლებში და შექმნა ნამუშევრები მის მიმდინარე პროექტში ARAS - The American Reputation Aid Society. ARAS გახლავთ ინტერაქტიული ინსტალაცია და საჯარო კულინარიული პერფორმანსი, რომელშიც გამოიყენება მოძრავი სამზარეულო / ქუჩის მოვაჭრის დახლი, როგორც კულტურათაშორისი დიალოგის პლატფორმა. ეს არის მიმდინარე საჯარო პერფორმანსი, რომლის ფარგლებშიც სატირულად განიხილება დახმარების ფონდის იდეა და გაიცემა საოჯახო წესით მომზადებული საუკეთესო „ამერიკული საკვები.“ ამის საშუალებით ის იწვევს ადამიანებს, რათა ისაუბრონ საკვებზე, კულტურაზე, ინდუსტრიალიზაციაზე, პირად ისტორიებზე, ეროვნულ იდენტობასა და საერთაშორისო პოლიტიკაზე. ეს პროექტი, ასევე, ეხმაურება რამდენიმე ამერიკულ ტრადიციას, კერძოდ, ე.წ. “Bake Sales, Pancake Breakfasts, Community Pie Socials” და ასევე, ზოგჯერ იმ უზრუნველ დამოკიდებულებას, რომ “კარგი საკვებით ყველაფრის მოგვარებაა შესაძლებელი.”
 
პროექტის მსვლელობისას ჩატარდა ორი ღონისძიება:
#1 - 26.10.2014  - აქვს თუ არა ამერიკულ საკვებს უკეთესი გემო საქართველოში? / Does American food taste better in Georgia? @ ბუკიას ბაღი / Bukia Garden
#2 - 29.10.2014 - რეცეპტების გაცვლა / Recipe Exchange @ ბაუჰაუსი / Bauhaus
 
პროექტი “კულინარიული წარმოდგენები: თბილისელი მიგრანტების ისტორიები” განხორციელდა პრინც კლაუსის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით.
კარლი შმიტის რეზიდენციის ფინანსური მხარდამჭერი: 
CEC ArtsLinkGlobal Art Lab პროგრამის ფარგლებში, რომელსაც მხარს უჭერს Kettering Family Foundation.