Friday, April 28, 2017

ვიქტორია მირონიუკი არის სხვადასხვა დარგში მომუშავე ხელოვანი, მსახიობი და თეატრის რეჟისორი უკრაინიდან. მისი განათლება მოიცავს: კიევის მოგილას აკადემიის კულტურის დეპარტამენტი, თანამედროვე სასცენო პრაქტიკის მაგისტრატურა მადრიდში (MPECV) და სახელოვნებო კვლევის სადოქტორო პროგრამა ბრიუსელში (A.PASS). ვიქტორიას ნამუშევრები, ძირითადად, წარმოადგენს ინტერდისციპლინურ პროექტებს, რომლებიც ხორციელდება პერფორმატიული, მონაწილეობითი და ვიზუალური პრაქტიკების გადაკვეთაზე და იკვლევს რიტუალის სტრუქტურების, საზღვრების და შესაძლებლობების საკითხებს.

გეოეარის რეზიდენციის ფარგლებში, ვიქტორია მირონიუკმა შექმნა სახელოვნებო ტური „გადასვლის რიტუალი“ რომლის საშუალებითაც ცდილობს რკინიგზის სადგურის ხიდზე გადასვლის ყოველდღიურობას მოარგოს გადასვლის რიტუალის მოდელი. შემოთავაზებულ პერფორმატიულ ღონისძიებაში, ხელოვანმა შექმნა თანამედროვე ზღაპარი, რომელიც უკავშირდება ამ ადგილის პოეტურობასა და პრობლემატიკას, მის ბინადრებს და ეფუძნება პირადი ისტორიების კვლევას, ურბანულ ლეგენდებს და ჟესტებს. ეს სახელოვნებო ტური იყო ოდა მიძღვნილი ქალაქის „პატარა“ გმირებისადმი, რომლებიც გადიან ყოველდღიურობის საკუთარ გზას, ეძებენ თავგადასავლებს და ებრძვიან რუტინის მონსტრს.

ტურები გაიმართა 29 მაისს.

მამულიშვილთა ხიდი ერთმანეთთან აკავშირებს დადიანის გამზირს, რკინიგზის სადგურის ბაქნებს და ბორჯომის სადგურს. ამ ხიდზე ყოველდღიურად ასობით თბილისის მაცხოვრებელი გადადის. საქმიანი მუქი ფიგურები კიბეებზე ადიან და ჩამოდიან, მოვაჭრეები კლიენტებს უხმობენ, დალაქები გადასასვლელის კუთხეებში საუბრობენ, სივრცე ივსება ყავის სურნელით. ეს ჟღერს, როგორც ნებისმიერი ქალაქის ადგილის აღწერა.

თუმცა, როგორ შეიძლება გამოვცადოთ ურბანული სივრცე ისე, რომ გამოვიდეთ ყოველდღიური სქემიდან და უფრო მეტად შევაღწიოთ დროსა და კონკრეტული ადგილის კონტექსტის მრავალ დეტალში? ყოველდღიურობის რომელი ნიშანი დაგვეხმარება მისი პოეტურობისა და სუბიექტის ტრანსფორმაციის აღმოჩენაში?

ანთროპოლოგიაში გადასვლის რიტუალი გულისხმობს ინდივიდის რიტუალურ გარდაქმნას, სხვადასხვა ფაზებით, ერთი მდგომარეობიდან თუ ადგილიდან - მეორეში. ძირითადი მოდელი მოიცავს გაზრდის ციკლს, გზას ცოდნისაკენ და ძირითადად ცნობილია, როგორც გმირის გზა. ეს არის არქეტიპული მოდელი, რომელიც აყალიბებს ბევრი ნარატივისა და ილუსტრაციის ტრადიციას, როგორებიცაა საგა, ტაროს კარტი და წმინდანის ცხოვრების ბიზანტიური იკონოგრაფია.

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ Art Prospect-ის რეზიდენციის პროგრამის გვერდზე.

რეზიდენციის მხარდამჭერია CEC ArtsLink, პლატფორმა ART PROSPECT-ის ფარგლებში.