Tuesday, September 1, 2015

ვერონიკა ბარნაში დაიბადა 1978 წელს,  ცხოვრობს ვენაში და მოღვაწეობს როგორც დამოუკიდებელი ხელოვანი და კურატორი. ასევე, იგი მუშაობს ლინცის ხელოვნების და დიზაინის უნივერსიტეტში, ხელოვნებისა და განათლების დეპარტამენტის ასისტენტად (პროფ. ჰუბერტ ლობნიგი).

მისი სახელოვნებო პრაქტიკა დიდწილად დაფუძნებულია კვლევაზე, მოიცავს სხვადასხვა ჟანრს და არის ადგილსპეციფიკური, რომელშიც სახვითი ხელოვნება, ლიტერატურა და თეატრი წარმოქმნიან პროდუქტიულ კავშირს. მისი ნამუშევრები მოიცავს როგორც სცენოგრაფიას და ინსტალაციებს, ასევე, კომპლექსური კავშირების (განსაკუთრებით, სივრცითი, ისტორიული, ბიოგრაფიული) კარტოგრაფირებას, სადაც სივრცე მთელი მისი მრავალფეროვანი მნიშვნელობით და განზომილებით განსაზღვრავს მთლიან კონტექსტს. მსგავსი პროექტის მაგალითებია: მიმდინარე „სუბიექტური კარტოგრაფიები ისრაელიდან“, unORTnung I-VI და მრავალი დამოუკიდებელი პროდუქცია დადგმული ვენის სახალხო თეატრში (Volkstheater Vienna).

 

თბილისი, სეირნობა და საუბარი

სახელოვნებო-კვლევითი პროექტი თბილისი, სეირნობა და საუბარი არის თბილისის საჯარო სივრცის კვლევა ინდივიდუალური ნაამბობის საშუალებით. კვლევის მეთოდოლოგია მოიაზრებდა თბილისის სხვადასხვა უბნის მოსახლეებთან ერთად სეირნობას იმ მარშრუტების მიხედვით, რომელთაც ისინი ქალაქში ყოველდღიურად გადიან. ეს იყო საწყისი წერტილი იმისათვის, რომ მათი ყოველდღიურობის გზებსა და რუტინაზე გვესაუბრა. 

საუბრების გზით ყალიბდება ბოლო დროს (პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური მიზეზებით) მიმდინარე ურბანული ტრანსფორმაციის პროცესების შედეგები და მათი ეფექტები მაცხოვრებლების ყოფაზე. ქალაქის სახეცვლა წარმოშობს მისი მაცხოვრებლების გარდაქმნას და ცვლის კავშირს სუბიექტებსა და ქალაქს შორის.

სეირნობა/საუბრების შედეგად შეიქმნა „სუბიექტური კარტოგრაფიები“, რომლებიც გვაჩვენებენ როგორც ყოველი ადამიანის ინდივიდუალურ გზას, ასევე, მათ მიერ მოყოლილ ისტორიებს. ისინი წარმოდგენილია საჯარო სივრცეში და კომერციული/ტურისტული გზამკვლევების მიღმა შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც ქალაქის ალტერნატიული ტურები. მათი მეშვეობით შეიძლება ცოდნის რადიუსისა და ქალაქში ფიზიკური სამოძრაო არეალის გაზრდა. ასევე, შესაძლებელია მაცხოვებლების ცოდნის გადმოცემა და „დამალული“ ქალაქის შთაბეჭდილების შექმნა ყოველდღიური ყოფის გასაჯაროების გზით. „სუბიექტური კარტოგრაფიები“ შეიძლება ქალაქის მაცხოვრებლების მიერაც იქნეს გამოყენებული, რათა მათაც შეიქმნან ახალი პერსპექტივა თბილისზე, იარონ სხვა გზებით საკუთარ ქალაქში და ახლებურად დაინახონ და აღმოაჩინონ იგი და ათვისების სხვა შესაძლებლობებზე დაფიქრდნენ.