Saturday, April 18, 2015

ბათუმის თანამედროვე ხელოვნების სივრცეში გეოეარის მიერ ორგანიზებული გამოფენა და პუბლიკაციის პრეზენტაცია "დაკარგული გმირები. საბჭოთა პერიოდის მოზაიკები" გაიმართა. 

ნაჩვენები იქნა სხვადასხვა სახის სამუშაო მასალა ავტორების პირადი არქივებიდან, დოკუმენტები თუ ესკიზები, ჩანახატები, კატალოგები და ფოტო მასალა.

გამოფენაზე წარმოდგენილი იყო მასალა თემურ მჟავანაძის, საურმაგ ღამბაშიძის, ლეონარდო შენგელიას, გიორგი ჩახავას, თამაზ ჯალაღანიას, პირადი არქივებიდან და ასევე, გეოეარის, თამარა ბოკუჩავას, გოგიტა ბუხაიძის, ზურა დუმბაძის, ნიკა კაპანაძის, მანანა კველიაშვილის, ალექსი კედელაშივილის, სალომე მაჩაიძის, ნინო სირაძის, ლაშა-გიორგი ფალავანდიშვილის, ამიკო ქავთარაძის, სერაფიმე ძნელაძის ფოტო მასალა.

გაიმართა პუბლიკაციის პრეზენტაცია, სადაც შესულია თბილისის სხვადასხვა „საჯარო” სივრცეში განლაგებული მონუმენტურ-დეკორატიული მოზაიკის კვლევა და დოკუმენტაციის ძირითადი ნაწილი.

ჩვენი ინტერესი მონუმენტურ-დეკორატიული მოზაიკისადმი განპირობებულია ბოლო 20 წლის განმავლობაში საჯარო სივრცეში მიმდინარე ინტენსიური ცვლილებებით. ურბანული გარემოს უსისტემო ტრანსფორმაციამ, არაპროფესიონალების მიერ წარმოებულმა ჩარევებმა ქალაქის სახის ჩამოყალიბებაში, ფასადურმა „შელამაზებებმა,” შედეგად მოიტანა საჯარო სივრცეში არსებული საბჭოთა პერიოდის მოზაიკების განადგურება.

სწორედ ეს გახდა მიზეზი ამ ობიექტების დოკუმენტაცია/აღრიცხვისა და ელექტრონული რუკის შექმნისა, რომელიც შეგიძლიათ იხილოთ: Soviet Period Mosaics in Tbilisi.

ინტერვიუ თემაზე სამხატვრო აკადემიის რადიოში თამარ თამთა შავგულიძესთან. 

პუბლიკაციის შესაძენად, ჷთხოვთ, დაგვიკავშირდეთ: info@geoair.ge

"თბილისის დაკარგული გმირები. საბჭოთა პერიოდის მოზაიკები" განხორციელდა პროექტ სივრცეების (SPACES) ფარგლებში. პროექტი დაფინანსდა ევროკავშირის მიერ აღმოსავლეთის პარტნიორობის კულტურის პროგრამის მეშვეობით.