Tuesday, June 10, 2014
პროექტ “აღმოაჩინე ელიავას” ფარგლებში ორი კონცეპტუალისტი ხელოვანი დონიკა ჩინა და კატარინა შტადლერი ელიავას ბაზრობაზე ნარჩენების მეორადი გამოყენებისა და მოქალაქეების ამ პროცესში ჩართულობის იდეაზე მუშაობდნენ. ისინი ამას ისეთ ადგილას აკეთებდნენ, რომელიც თბილისში ძირითადად ბინძურ, ცუდად ორგანიზებულ გარემოსთან და დაბალი ხარისხის სამუშაო და საცხოვრებელ სივრცესთან ასოცირდება.
 
ხელოვანები ცდილობდნენ თვითნაკეთი ნამუშევრების საშუალებით გაეფართოვებინათ გადამუშავების ციკლი და დაესვათ შეკითხვები, რომლებიც ელიავას ბაზრობაზე შექმნილი მიკრო საზოგადოების შიდა და გარე სფეროებსა და საკუთარი გარემოცვის მიმართ პასუხისმგებლობის ამაღლების იდეას მოიცავდა.
 
"ჩვენ, ორი კონცეპტუალისტი ხელოვანი,  დონიკა ჩინა (ალბანეთი) და კატარინა შტადლერი (ავსტრია, საქართველო) ვმუშაობთ ნარჩენების გადამუშავებისა და თვით-ჩართულობის თემაზე. ჩვენი სამუშაო ადგილია ელიავას ბაზრობის მანქანების ნაწილების განყოფილება - ტერიტორია, რომელიც გარედან, თბილისის მოსახლეობის უდიდესი ნაწილისთვის დაბინძურებულ, ქაოტურ და დაბალი სტანდარტის მქონე სივრცესთან ასოცირდება. ამ ადგილის შეფასებისას მასში ხშირად იმას ხედავენ, რაც ის არ არის. მას არ აღიქვამენ სივრცედ, რომელსაც სინამდვილეში წარმოადგენს.
 
ადგილის რიტმს რუტინული სამუშაო საათები, არსებული სივრცე, თავად გამყიდველებს და შესაძლო მყიდველებს შორის არსებული ურთიერთობები განსაზღვრავს. ერთი შეხედვით ეს ციკლი მხოლოდ ფულის გარშემოა კონცენტრირებული, რაც ბაზრობას როგორც ასეთს ფინანსური ურთიერთობების ადგილად აქცევს. მაგრამ უფრო ყურადღებით დაკვირვებისას ხილული ხდება ბაზრობის ცხოვრების სხვა ასპექტიც: გასაყიდი ნივთები, ისევე როგორც ზოგადად ინფრასტრუქტურა უმეტესად მეორადი პროდუქციისგან, ნარჩენებისა და გადაყრილი ნივთებისგანაა შექმნილი. 
 
მასალების გადამუშავება ემყარება არა მხოლოდ იმპროვიზაციის პრინციპს, არამედ ითვალისწინებს შეზღუდულ პირობებში მუშაობის შესაძლებლობების ცოდნასაც, რომელიც სავარაუდოდ საბჭოთა პერიოდში წარმოიშვა და პროდუქტების ნაკლებობის გამო შესაძლო გამოსავალის ძიებით იყო განპირობებული. ბაზრობა, რომელიც გამყიდველებს შორის არსებული საოცარი სოლიდარობის გრძნობითაა მოცული, სხვა ადგილას ან სხვა მიზნით სრულიად გამოუსადეგარი იქნებოდა".
 
“აღმოაჩინე ელიავა” გრძელვადიანი პროექტი იყო, რომელიც 2012 წელს დაიწყო. პროექტი მიზნად ისახავდა ხელოვანების დახმარებით საზოგადოების ყურადღების მიმართვას გარემოზე უარყოფითი გავლენის შესამცირებლად, მისი დაცვისა და რესურსების ეფექტური გამოყენების შესაძლებლობებისკენ, საზოგადოების სხვადასხვა სოციალურ და პროფესიულ ჯგუფებს შორის დიალოგისა და გამოცდილების გაზიარების პროცესის ხელშეწყობას. პროექტი გულისხმობდა არსებული მდგომარეობის მიმართ ყურადღების შემოქმედებითი და ახლებური მეთოდებით გამახვილებას, საზოგადოების ინფორმირებულობის ამაღლებას და პრობლემის გადაწყვეტის არატრადიციული გზების შეთავაზებას.
 
დონიკა ჩინას რეზიდენცია გახლდათ გეოეარისა და T.I.C.A-ს (ალბანეთი) შორის გაცვლითი პროგრამის ნაწილი.
პროექტი "აღმოაჩინე ელიავა" წარმოადგენს გეოეარის და კულტურისა და მენეჯმენტის თანამშრომლობას, რომელიც განხორციელდა GALA (Green Art Lab Alliance) ფარგლებში, ევროკავშირის კულტურის პროგრამის მხარდაჭერით.